English / ქართული /








Journal number 1 ∘ Eka Lekashvili
Current Issues of Social Entrepreneurship Development in Visegrad Countries

The paper deals with the issues of social entrepreneurship, which represent the starting point for social development in a number of countries and regions. It is a subject of heated social debates, which is considered to be the major way for solving social problems. Therefore, development levels of social economy and social business  differ. 

The study covers three main issues: 1. The European experience of social entrepreneurship; 2. Social Entrepreneurship challenges in Visegrad countries; and 3. The recommendations developed based on the outcomes of studying the experience of Visegrad countries in social entrepreneurship should be directed towards encouraging development of entrepreneurship in this direction; in particular:

● The environment which ensures promotion of the development, simplification of financing and proper management of social entrepreneurship should be created through development of legislative framework for regulating social entrepreneurship;

● It is expedient to clearly define definite economic and social criteria for the assessment of social enterprise. This will promote idenƟfi cation of social entrepreneurship;

● It is desirable to diversify legal forms and instruments of a social enterprise according to its mission, capacities and performance;

● For increasing the efficiency of social entrepreneurship, simplifi cation and encouraging of social entrepreneurship funding schemes are needed taking into consideraƟ on the exchange rate risks of national currency.

Keywords: Social Entrepreneurship, Social Enterprise, Social Economy.

JEL Codes: L25, L32, Z13

ვიშეგრადის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის განვითარების აქტუალური საკითხები

სოციალური მეწარმეობა თანამედროვე პერიოდში ბევრი ქვეყნის და რეგიონის საზოგადოებრივი განვითარების ამოსავალი საკითხია და ცხარე დისკუსიის მთავარ თემად წარმოგვიდგება. ამასთან, იგი საზოგადოების სოციალური პრობლემების დაძლევის მთავარ გზად განიხილება. თუმცა, სოციალური ეკონომიკის და სოციალური მეწარმეობის განვითარების თეორიული დამუშავებისა და პრაქტიკული განხორციელების დონეები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციების მეცნიერული კვლევა და შეფასება, რაც ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესის ობიექტურ განჭვრეტას, შესაძლებლობებით სარგებლობას და საფრთხეების შემცირებას. ამ თვალსაზრისით სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის საკითხის კვლევით დაინტერესება აქტუალური და დროულია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მეწარმეობის საკითხებზე კვლევები ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და სოციალური მეწარმეობის ალიანსის ფარგლებში, სოციალური სამეწარმეო საქმიანობის გაფართოება და განვითარება საუნივერსიტეტო წრეებში საკვლევი პრობლემის აქტუალიზაციას მოითხოვს. აღნიშნულის დადასტურებაა ის, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით ეკონომიკური პოლიტიკის კათედრაზე დამუშავდა საგრანტო პროექტი თემაზე - „სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში“. წინამდებარე კვლევა აღნიშნული პროექტის ნაწილს წარმოადგენს და მიზანმიმართულია ვიშეგრადის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის განვითარების თანამედროვე გამოწვევების გაანალიზებისაკენ. აღნიშნული მიზნით შევისწავლეთ სოციალური მეწარმეობის ევროპული გამოცდილება, მისი განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი სტრასბურგის დეკლარაციის სახით; განვიხილეთ კონკრეტულად ვიშეგრადის ქვეყნებში (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) სოციალური მეწარმეობის აქტუალური საკითხები და ჩამოვაყალიბეთ რეკომენდაციები საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკისათვის.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ ზემოთდასახელებული კვლევითი ცენტრების კვლევებში არ არის წარმოდგენილი ვიშეგრადის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის განვითარების პრობლემატიკა. ამასთან, არ არის გამოკვლეული ევროკავშირის ზოგადი მიდგომა სოციალური მეწარმეობის განვითარების საკითხთან მიმართებით და კვლევები ძირითადად 2010 წლამდე პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, ვეცადეთ კვლევა წარგვემართა აღნიშნული მიმართულებით.

 საკვანძო სიტყვები: სოციალური მეწარმეობა; სოციალური საწარმო; სოციალური ეკონომიკა.

სოციალური მეწარმეობის ევროპული გამოცდილება

 სოციალური მეწარმეობის შესახებ კვლევებიდან ჩანს, რომ სოციალურიმეწარმეობის განმარტება ქვეყნების და რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ზოგადად, სოციალური მეწარმეობა სოციალური მიზნების მიღწევას ემსახურება, სადაც საწარმოები დამოუკიდებელი სამართლებრივი ერთეულების სახით წარმოგვიდგება. არსებობს განსხვავება დამატებული ღირებულების ზრდის პროცესში სოციალური საწარმოების მონაწილეობაში, მათ რეგულირებაში (სპეციალური სამართლებრივი ფორმები ტრადიციული მომგებიანი ან არამომგებიანი სამართლებრივი ფორმების საპირისპიროდ), მოგების განაწილებაში (მოგების განაწილების არარსებობა, ან მოგების განაწილება კომპანიის სამომავლო საქმიანობაში ინვესტირების განხორციელების სასარგებლოდ) და ა.შ.

სოციალური საწარმოების ბიზნესგარემოს ხარისხი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მარეგულირებელი ფუნქციების დამატებითი პრეფერენციების მინიჭებით განისაზღვრება, რაც აძლიერებს სოციალურ ეკონომიკას და სოციალური საწარმოების განვითარებას. გარემოს ხარისხის ფორმირება დამოკიდებულია საჯარო ინსტიტუციების გამართულ ფუნქციონირებაზე, შესაბამისად, ისინი სოციალური ეკონომიკის სისტემის გარანტორად გვევლინებიან.

სოციალური ეკონომიკა კოოპერატიული საზოგადოებების, ერთობლივიგაერთიანებების, ასოციაციების, ფონდების და სოციალური საწარმოების ერთობლიობაა. მისი მნიშვნელობა დღეისათვის ევროკავშირის ეკონომიკისათვის ძალიან იზრდება, როგორც წევრი სახელმწიფოების ეროვნულ, ასევე, რეგიონალურ დონეზე. სოციალური საწარმოები არამარტო მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეებია, არამედ მთავარ როლს ასრულებენ მათი წევრებისა და ევროპის მოქალაქეების საზოგადოებრივ აქტივობაში უფრო სრული ჩართულობის ხელშეწყობაში. სოციალური საწარმოები ევროპის ცვალებად მოთხოვნებს პასუხობენ. ისინი სამუშაო ადგილებს ქმნიან ისეთ სივრცეში, სადაც ტრადიციული „ინვესტორმამოძრავებელი“ საწარმოო სტრუქტურები ყოველთვის არ შეიძლება იყოს „ინვესტიციების შემომტანი“. საქართველოსთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტით, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მდგომარეობის გაანალიზება ვიშეგრადის ქვეყნებში, რადგან ამ ქვეყნების გამოცდილება დაგვეხმარება ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის წარმატებით განხორციელებაში, ევროკავშირის სტანდარტებთან კონვერგენციასა და ამ გზით ევროკავშირში ინტეგრირების პროცესის დაჩქარებაში.

სოციალური პრობლემების გაღრმავებამ, რომელიც შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირების, 50 წელს გადაცილებულების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უმუშევრობის მაღალ დონეს უკავშირდება, იმპულსი მისცა სოციალურ საწარმოებში სხვადასხვა მოთამაშის გაერთიანებას. გლობალური მეწარმეობის მონიტორის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, სოციალური ბიზნესის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულია ევროკავშირის სამუშაო ძალის 7.5% [4.გვ.94]. სოციალური მისია და სოციალური საწარმოები ეკონომიკის მდგრად ან ინკლუზიურ განვითარებას უკავშირდება და მიმართულია სოციალური გამოწვევების დაძლევისკენ: ეს ნიშნავს, რომ სოციალურ საწარმოებში ინვესტიციებს სასურველია ჰქონდეს უფრო დიდი პოზიტიური სოციალური ზეგავლენა მცირე და საშუალო მეწარმეობაში განხორციელებულ ინვესტიციებთან შედარებით.

სოციალური მეწარმეობა გულისხმობს სოციალური საწარმოს დასაფუძნების პროცესს, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება შემდეგი თავისებურება:

მომგებიანი ორგანიზაცია ფინანსურად მხარს უჭერს არამომგებიან ორგანიზაციას. სოციალური საწარმოები არამომგებიანი ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის შედეგია მისი გადარჩენის და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. სოციალური საწარმოს ჩამოყალიბება როგორც სოციალური სამეწარმეო აქტივობა, შეიძლება მწარმოებლურობის საზომად განვიხილოთ, რადგანაც ის არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარების შემდგომ საფეხურს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მეწარმეობის შესწავლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მეწარმოების განვითარების გამოცდილების გაანალიზება არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციებში სამეწარმეო აქტივობა მიმართულია სოციალური მისიის შესრულებისკენ. არამომგებიან ორგანიზაციები უპირველესად არსებობს კერძო ინდივიდუალური ან კოლექტიური ინიციატივის სახით, რომელსაც გააჩნია მისია, ხედვა და მიზანი, მიმართული განსაზღვრული საჭიროების, შესაძლებლობების, უკეთესი საზოგადოების მიღწევისკენ. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციის დაარსების საწყის ეტაპზე ან მომავალში, ორგანიზაცია ჩამოაყალიბებს სტრატეგიას და დროში განსაზღვრავს ბიზნესგეგმას, რომელიც მიმართული იქნება მისიის განხორციელებისკენ. ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აქტივობა საჭიროებს კოორდინაციას, ადამიანთა რესურსების მენეჯმენტს, კარგ ლიდერს, ფინანსურ მენეჯმენტს და ეკონომიკური აქტივობის განვითარებას. პროექტის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება პროექტის მენეჯმენტის გუნდისგან სამეწარმეო უნარს მოითხოვს იმიტომ, რომ სოციალური მოთხოვნილებების გამოსავლენად ორგანიზაციის მხრიდან შემოქმედებითი მიდგომის საჭიროება ჩნდება.

სოციალური საწარმო ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ჰიბრიდს, კომბინაციას წარმოადგენს, რომელიც მათ საუკეთესო მახასიათებლებს აერთიანებს ამ უკანასკნელისათვის მდგრადობის მიღწევის მიზნით.

ამრიგად, სოციალური საწარმოები სოციალური ეკონომიკის სექტორის ნაწილია. ისინი მოიცავენ ორგანიზაციების ერთობლიობას, რომლებიც არ-სებობენ ტრადიციული – კერძო და საჯარო სექტორების შეერთებაზე. რადგანაც არ არსებობს სოციალური საწარმოს საყოველთაო და აღიარებული განმარტება, მისი ამოსავალ მახასიათებლად მიიჩნევა სოციალური მიზნების კომბინაცია კერძო სექტორის სამეწარმეო სულისკევთებასთან. ამასთან, სოციალური მეწარმე სოციალურ ღირებულებებს აყალიბებს ინოვაციის განგრძობითი პროცესის და ახალი შესაძლებლობებისთვის ხელშეწყობის გზით, მაგრამ ყოველთვის, პერსონალური მოგების მიღებამდე, ორიენტირებულია სოციალურ მოგებაზე ან უკიდურეს შემთხვევაში - ორივეზე.

სოციალური საწარმოს სამი ძირითადი ტიპი არსებობს განსაზღვრული მისიისა და სოციალური პროგრამების ბიზნეს-აქტივობაში ჩართვის დონის მიხედვით:

1. მისიაზე ორიენტირებული სოციალური საწარმო, რომელიც განსაკუთრებული სოციალური მისიის მისაღწევად ყალიბდება და თვითდაფინანსების სქემით სარგებლობს. ამ ტიპის ორგანიზაციებია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დასაქმების ცენტრი ან მიკროსაფინანსო ინსტიტუტები;

2. მისიაზე დამოკიდებული სოციალური საწარმო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის მისიასთან ან სოციალურ მომსახურებასთან ასოცირდება. ამ ტიპის ორგანიზაცია ემყარება სინერგიულ ეფექტს, რომელიც პროგრამებისთვის სოციალურ ღირებულებებს აყალიბებს და სოციალური პროგრამების მდგრადი ფინანსური უზრუნველყოფისთვის ეკონომიკური ღირებულებების გენერირებას ახდენს;

3. მისიასთან კავშირის არმქონე სოციალური საწარმო, როდესაც სოციალური საწარმო არ არის დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მისიასთან და ფუნქციონირებს ისეთ ინდუსტრიაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. პოტენციური მოგება არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსების ერთადერთი ფაქტორია იმისათვის, რომ დაიფაროს ამ უკანასკნელის დანახარჯები შემოწირულობის ან სპონსორობის გზით. ამ შემთხვე-ვაში ორი ტიპის სოციალური საწარმო არსებობს: 1. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ფლობს საწარმოს აქციების 50%-ზე მეტს; 2. როდესაც ფლობს აქციების 50%-ზე ნაკლებს [2;გვ.80].

ევროკომისიის განმარტებით, სოციალურია ნებისმიერი საწარმო მისი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, რომელიც უზრუნველყოფს გაზომვად პოზიტიურ სოციალურ ზეგავლენას ისეთი საქონლისა და მომსახურების წარმოების გზით, რომელიც მიმართულია მოწყვლადი, მარგინალიზებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისკენ და ამისთვის იყენებს წარმოების ისეთ მეთოდს, რომელიც მათი სოციალური მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის ფარგლებში სოციალური მეწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2014 წლის 16-17 იანვარს სტრასბურგში შედგა 2000 სოციალური მეწარმის და სოციალური საწარმოს მხარდამჭერთა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ევროპაში სოციალური მეწარმეობის მრავალფეროვანი გამოცდილება. შეხვედრაზე ერთხმად აღიარებულქნა მიდგომა, რომ ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ მოდელს ესაჭიროება გადახალისება, რათა სოციალური ერთსულოვნების ფასეულობა კოლექტიური კეთილდღეობის ჭეშმარიტი წყარო გახდეს.

სოციალური საწარმოები აღიარებულია სოციალური და ეკონომიკური ერთობის/ერთსულოვნების, კავშირის მამოძრავებელ ძალად მთელი ევროპის მასშტაბით, რადგანაც იგი ხელს უწყობს პლურალისტური და მოქნილი სოციალური საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას. სოციალური საწარმოები მრავალი სახით, სიდიდით და განსხვავებული ფორმით ფუნქციონირებს ევროპის მასშტაბით. როგორც სოციალური ბიზნესინიციატივის კომისიაზე (Commissions’s Social Business Ini a ves – SBI) აღინიშნა, მათი საერთო მახასიათებლებია: შემოსავლების მიღება ვაჭრობის გზით; საერთო სიკეთის მისაღებად სოციალური ან საზოგადოებრივი მიზნის ქონა, რომელიც მათი ეკონომიკური აქტივობის მოტივს წარმოადგენს და, რომელიც ხშირად მაღალი დონის სოციალური ინოვაციის ფორმით ვლინდება; მოგება, რომელიც ძირითადად რეინვესტირდება იმ თვალსაზრისით, რომ მიღწეულ იქნეს აღნიშნული სოციალური მიზანი; ორგანიზაციული ან მესაკუთრეობის სისტემის ფორმა, რომელიც ემყარება დემოკრატიული მმართველობის საერთო პრინციპებს ან ფოკუსირებულია სოციალურ სამართლიანობაზე [3].

სტრასბურგის დეკლარიაციის [1] საფუძველზე სოციალური მეწარმეობის სექტორთან პარტნიორობით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, რეგიონულმა და ლოკალურმა ხელისუფლებამ სოციალური საწარმოების ზრდის სრული მხარდაჭერა უნდა გამოხატონ და დაეხმარონ მათ სიმძლავრეების განვითარებაში, კერძოდ, სამართლებრივი ჩარჩოს მეშვეობით ფინანსებზე წვდომის, ბიზნესის დაფუძნების და განვითარების მხარდაჭერით, ტრენინგის და განათლების განვითარების, საჯარო შესყიდვების გამარტივების გზით. ასევე, ევროპულმა ინსტიტუციებმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააძლიერონ სოციალური საწარმოების როლი არსებული კრიზისის დასაძლევად გატარებულ სტრუქტურულ რეფორმებში იქ, სადაც სოციალური ეკონომიკა ნაკლებად განვითარებულია.

ევროკავშირისთვის, ევროკომისიამ სოციალური ბიზნესინიციატივის (ევროპარლამენტი 2012, 20 ნოემბერი) საფუძველზე სოციალური საწარმოების დაფინანსების სისტემა შექმნა. სხვა საფინანსო ინსტრუმენტი, მიმართული სოციალური საწარმოებისათვის კაპიტალის წვდომისკენ, არის მიკროსაკრედიტო ინიციატივა სოციალური საწარმოებისთვისრომელიც სოციალური ცვლილებებისა და ინოვაციების პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. ამ უკანასკნელმა ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო. ეს პროგრამა სოციალური საწარმოების სტარტაფების დაფინანსების ინსტრუმენტს მოიცავს მათი შემდგომი განვითარებისა და გაფართოების მიზნით. მისი მიზანია დაახლოებით 450 მლნ. ევროს ღირებულების მიკროსესხებით უზრუნველყოფა, რომელთაგან 100 მლნ. უშუალოდ მიმართულია სოციალური საწარმოების განვითარებისაკენ. ევროპის ახალი სოციალური მეწარმეობის ფონდების მიზანია დაეხმაროს სოციალურ საწარმოებს ფინანსურ ბაზრებზე ფინანსებზე წვდომაში საინვესტიციო ფონდე-ბის წესების ჰარმონიზაციის გზით. სათანადო საფინანსო ჩარჩოს ფორმირები-სათვის მნიშვნელოვანია სოციალური საწარმოებისთვის არსებული საინვესტიციო ინსტრუმენტების სპეციფიკური განვითარება და ადაპტაცია. აღნიშნული მოიცავს სოციალურ საინვესტიციო ფონდებს, კოოპერციულ ბანკებს, ეთიკურ და სოციალურ ბანკებს, კომერციულ ბანკებს სოციალური პროგრამებით, ინო-ვაციურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ბრიტანული „სოციალური გავლენის ობლიგაციები“ და სხვა. ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლებელია ჰიბრიდულ კაპიტალზე წვდომის ფორმის სახით, რომელიც სოციალური საწარმოების დაფინანსების ყველაზე მისაღები მოდელია.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმო ევროკავშირის მასშტაბით კვლავ საჭიროებს შემდგომ კვლევას და ეროვნული სტატისტიკის თავმოყრას იმისათვის, რომ უკეთ შეფასდეს სექტორში მიმდინარე ტენდენცია, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკის გამტარებლებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის. საჭიროა ახალი სოციალური ინდიკატორები, რომლებშიც აისახება სოციალური და ეკონომიკური პროგრესის შეფასებისას სოციალური მეწარმობის პოზიტიური სოციალურ გავლენა.

სოციალური მეწარმეობის გამოწვევი ვიშგრადის ქვეყნებში

 ვიშეგრადის ქვეყნებში სოციალური ეკონომიკის განვითარება სამ ეტაპს მოიცავს:ტრადიციული სოციალური ეკონომიკარომელიც მეორე მსოფლიოომამდე პერიოდში არსებობდა. იგი მოიცავდა კოოპერატივებს, კოოპერატიულ ბანკებს, დამხმარე ორგანიზაციებს, სასესხო და საგარანტიო ფონდებს, ერთობლივი დაზღ ვევის ფონ დებს და ა.შ., რომლებიც არ იყვნენ ორიენტირებული შემოსავლების მიღებაზე; 1947-1989 წლებში ძველი სოციალური ეკონომიკა სოციალისტური სახელმწიფოს მონოპოლისტურ კონცეფციას ემყარებოდა, სადაც სახელმწიფო განსაზღვრავდა ადმინისტრაციულ და საფინანსო საჭიროებებს, ხოლო სოციალური ეკონომიკის ოპერატორების როლი უმნიშვნელო იყო; 1989 წლიდან, სოციალური პრობლემების გამწვავებასთან ერთად, და ზოგადი ევროპული მიდგომის გავლენის საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნებში დაიწყო აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება. ახალი რეგულაციების და ევროკავშირიდან წამოსული ფინანსების დახმარებით, ჩამოყალიბება დაიწყეს ახალი სოციალური ეკონომიკის ინსტიტუციებმა.

ვიშეგრადის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის განვითარების თავისებურებები დაკავშირებულია ამ ქვეყნების დემოგრაფიულ სტრუქტურასთან. ვიშეგრადის ქვეყნების დემოგრაფიული სტრუქტურა ოთხივე ქვეყანაში მსგავსია, ახალგაზრდა მოსახლეობა ამ ქვეყნებში მაღალი წილით არის წარმოდგენილი: მოსახლეობის 22%-ია პოლონეთსა და სლოვაკეთში, ხოლო 19 % - ჩეხეთსა და უნგრეთში. ამასთან, ახალგაზრდობის დასაქმება ვიშეგრადის ქვეყნებში მაღალი რყევებით ხასიათდება[7, გვ.2-3].

სოციალური მეწარმეობის კონტექსტით ვიშეგრადის ქვეყნების ახალგაზრდებისთვის საერთო მახასიათებელია მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის დაბალი დონე ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ვიშეგრადის ქვეყნებში ამ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო მიდგომამ, რომელიც უკავშირდება მოხალისეობრივი საქმიანობის არ აღიარებას. თაობათა ცვლის პირობებში აუცილებელია ახალი მიდგომის/განწყობის, დამოკიდებულების ფორმირება მოხალისეთა საქმიანობის საკითხთან მიმართებით. ამასთან, აუცილებელია კორპორაციული ინიციატივებისა და ბიზნესის ჩართულობა მოხალისეობრივ აქტივობებში. დღეს, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პირობებში მარტივია ინფორმაციის გავრცელება მოხალისეთა აქტივობის, ღონისძიებების, სასკოლო პროგრამების შესახებ. ეს ყველაფერი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიტიკურ ინტერესსა და ჩართულობასთან. ახალგაზრდა კურსდამთავრებულ-თა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხალისეობრივი აქტივობიდან დიდი გამოცდილება მიიღო.

ევროპელ მოხალისეთა მომსახურება ყველაზე ცნობილი პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს ხანგრძლივად გასწიოს მოხალისეობრივი საქმიანობა საზღვარგარეთ. ვიშეგრადის ქვეყნებში ახალგაზრდების დასაქმების მთავარი პრობლემებია: სამუშაო ადგილის მოძიება, პრაქტიკის უზრუნველყოფა, სამეწარმეო აქტივობა, სტარტაფ ინიციატივების წახალისება, ფორმალური და არაფორმალური განათლება, მოხალისეობრივი ჩართულობა, არაფორმალური განათლების აღიარება, ახალგაზრდების კომპეტენციების გან-ვითარებაში ინვესტირება.

 სოციალური მეწარმეობის განვითარების თავისებურებები ვიშეგრადის ქვეყნების მიხედვით შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

  •  ჩეხეთში სოციალური მეწარმეობის კონცეფცია განსაზღვრავს ეკონომიკურ და სოციალურ მიზნებს (ბიზნეს და სოციალურ მისიებს), რომელიც დაბალანსებული უნდა იყოს. აქ არსებული სოციალური საწარმოების უმეტესობა ფოკუსირებულია განსაკუთრებული საჭიროებების პირთა დასაქმებაზე. ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური საწარმოები ახორციელებენ საქველმოქმედო მომსახურებას სოციალური ჩართულობის, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საწარმოების ხელშეწყობისა და მათ მიერ გამოშვებული პროდუქტის გაყიდვის მიმართულებით. სოციალურ საწარმოებში ჩართული პირები სარგებლობენ მკაფიოდ განსაზღვრული სუბსიდიებით და შესაბამისი სტატუსით, მაგრამ მათ შო-რის არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სახლ-კარი, არიან ნარკოდამოკიდებულნი, მაწანწალები და ა.შ.

 ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური საწარმოები სხვადასხვა სამართლებრივი ფორმისაა, რაც განპირობებულია მომსახურებისა და პროდუქტის წარმოების სპეციფიკურ პირობებზე, ასევე, ფონდებთან წვდომის სპეციფიკაზე. ჩეხეთის კანონმდებლობით სოციალური საწარმოების სამართლებრივი განმარტება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რიგი ფაქტობრივი და ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო ევროპის სოციალური ფონდიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდიდან გრანტების მისაღებად სტარტაფის ან განვითარების ფაზაზე (მაგალითად: დასაქმებულების სულ მცირე - 40% უნდა იყოს უნარშეზღუდული, მოგების 51%-ზე მეტი უნდა იყოს რეინვესტირებული, განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივი განვითარება, დასაქმების ზრდა) [5, გვ.44]. განმცხადებელი შეიძლება იყოს სა-წარმო ან თვითდასაქმებული პირი, ხოლო ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები: შპს, სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პარტნიორობა, კოოპერატივი, საჯარო კომპანია და სხვა. განმცხადებლები შეიძლება იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებები.

ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური საწარმოები ჯერ ისევ სუსტია და სოციალური ეკონომიკის სექტორიც განუვითარებელია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ღირებულებებს. შესაბამისად, სოციალური ეკონომიკის კონცეფცია არ არის მხარდაჭერილი პოლიტიკის შემმუშავებლების მხრიდან ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. სუბსიდიები მიმართულია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისკენ და განიხილება როგორც დასაქმების პოლიტიკის ნაწილი. ფინანსური სექტორი სოციალურ საწარმოებზე სესხებს გასცემს ძალიან მცირე მასშტაბით საპილოტე ინიციატივების სახით. სოციალურ მეწარმეობაში არასამთავროების საქმიანობაც სუსტია და საპილოტე ხასიათს ატარებს.

  • პოლონეთში 2003 წლის 13 ივნისს მიღებული სოციალური დასაქმებისაქტის საფუძველზე სოციალური ინტეგრაციის ცენტრებისა და კლუბების ფორმირება დაიწყო და იგი მიმართული იყო სოციალური დასაქმების უზრუნველყოფისკენ. 2012 წლისთვის 70 ასეთი ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელთა ინიციატორებიც ადგილობრივი მთავრობები/თემები და არასამთავრობოები იყვნენ. მათი შემოსავალი 2010 წლისთვის 56 102,00 პოლონური ზლოტი იყო. ამ ტიპის კლუბებისა და ცენტრების აქტივობაში შედიოდა: პროფესიული ტრენინგები, პრაქტიკა და პროფესიული პრობაცია/საცდელი დასაქმება, რომელიც, ასევე, სთავაზობდა დახმარებას სამსახურის მოძიებაში, საკუთარი ბიზნესის ან სოციალური კოოპერატივის საქმიანობის წარმართვაში, თერაპიულ და ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ რჩევებს, საგანმანათლებლო დახმარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

 ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური კოოპერატივების საკითხი, რომელშიც შესაძლებელია იყვნენ ფიზიკური შრომით დაკავებული მუშაკები და მათი რიცხვი არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები და 50-ზე მეტი. მუშაკები, რომლებიც სოციალურ კოოპერატივებს აყალიბებენ, შეიძლება იყვნენ უმუშევრები, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები, უსახლკაროები, ყოფილი პატიმრები, რომელთაც გარემოსთან ინტეგრაციის პრობლემები გააჩნიათ, გონებრივად შეზღუდული პირები, ლტოლვილები და ა.შ. ამ ტიპის მუშაკთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 50%-ს.

პირველად სოციალური კოოპერატივები გაჩნდა 2005 წელს შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, სოციალური ეკონომიკის რეგიონული ფონდების დაფინანსებით. 2013 წელს რეგისტრირებული იყო 809 ასეთი კოოპერატივი, რომელთაგან მხოლოდ 430 ოპერირებდა [4, გვ.96].

სოციალური ეკონომიკის მეორე ევროპული კონფერენციის საფუძველზე პოლონეთში დაიწყო მოძრაობა სხვადასხვა სახის სოციალური ეკონომიკის ოპერატორების ჩამოსაყალიბებლად. დასაწყისში დაფუძნდა სოციალური ეკონომიკის მუდმივი კონფერენცია, სადაც ხდება შეხვედრები, დისკუსია და შეთანხმება საკვანძო საკითხებზე. ამასთან, მნიშვნელოვანი ინსტიტუციები: საგარეო საქმეთა ინტიტუტის ფონდი, რომელიც საჯარო სივრცის საკითხებზე სწავლებისა და ანალიზის დამოუკიდებელ ცენტრს წარმოადგენს. ასევე, კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის მალოპოლსკას საჯარო ადმინისტრირების სკოლა, რომლიც ხელს უწყობს პოლონეთში საჯარო მოხელეების კადრების გამოშვებას და რომლის განათლების სტრატეგიულ მიმართულებასაც სოციალური ეკონომიკა წარმოადგენს. აქ გამოიცემა მრავალი პუბლიკაცია და კვლევა სოციალური ეკონომიკის საკითხებზე.

სოციალური მეწარმეობის საკითხთა კვლევით პოლონეთში ბოლო პერიოდში დაინტერესდნენ. აღმოჩნდა, რომ საკლასიფიკაციო კრიტერიუმების არცერთი ნიშნის მიხედვით არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები. ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული შერჩეული ასპექტების, ცალკეული რეგიონის მიხედვით, ასევე, მაგალითების და პროგრამების ანგარიშების სახით.

პოლონეთში სოციალური მეწარმეობის გავრცელებული ფორმებია: ანაზღაურებით დასაქმება ასოციაციებსა და ფონდებში, ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების პირთა კოოპერატივები. 2012 წელს 12 000 ფონდი და 71 000 ასოციაცია იქნა რეგისტრირებული პოლონეთში:12% სთავაზობდა ანაზღაურებად აქტივობას და 5% - რეგისტრირებულ ბიზნეს - ოპერაციებს. მათგან სოციალურ სამეწარმეო სექტორში 10 000 ასოციაცია და ფონდი ფუნქციონირებდა, 13000 კოოპერატივიდან 410 მოიცავდა კეთილდღეობის კოოპერატივებს და განიხილებოდა სოციალურ საწარმოებად. პოლონეთში სოციალური ინტეგრაციის ცენტრები და კლუბები, ასევე, მიეკუთვნება სოციალურ ეკონომიკას. დაახლოებით 89 ერთეული ასეთი საწარმოა პოლონეთში, მაგრამ მათი რიცხვი სწრაფად იზრდება [4, გვ.97]. სოციალური საწარმოების უმეტესობა განსაკუთრებული საჭიროებების პირთა სოციალურ ინტეგრაციას ისაზავს მიზნად. ამასთან, მოიცავს ისეთ აქტივობას, როგორიცაა განათლება, სპორტი და დასვენება, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მომსახურების გაწევა, კულტურა და ეკოლოგია. საწარმოები უპირატესად სთავაზობენ ინდივიდუალურ მომსახურებას ან კერძო ბიზნესის მომსახურებას. მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება ხდება მათივე ამონაგებიდან ან საჯარო (ცენტრალური ან ლოკალური მთავრობის) ფონდებიდან და სუბსიდიებიდან, თუმცა დიდი ნაწილი საკუთარი დაფინანსების წყაროს ეყრდნობა.

პოლონეთში სოციალური საწარმოები ისეთ ბიზნესს ახორციელებენ, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ მიზნებზე (მოგებას ხარჯავენ სოციალური მიზნებისთვის). ასეთებია, სოციალური კოოპერატივები, პენსიონერთა სახლები, ერთობლივი სადაზღევევო კომპანიები, საჯარო მომგებიანი ორგანიზაციები, არამომგებიანი ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებიც ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მშრომელთა კოოპერატივები, ერთობლივი საგარანტიო და საკრედიტო ფონდები (რომლებიც მოიცავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს). მათი მიზანია სოციალური სარგებლის მაქსიმიზაცია, როგორიცაა: მაღალი ხარისხის საჯარო მომსახურების უზრუნველყოფა, ლოკალურ დონეზე განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებისაგან გარიყული ადამიანებისათვის ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მათთვის დაკარგული ღირსების აღდგენა.

პოლონეთში სოციალური საწარმოების სწრაფი ზრდა მიმდინარეობს. ეს ბუნებრივი განვითარება პოლონეთის საზოგადოების სოციალური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან გამოწვევებს პასუხობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის მხრიდან მცირე და საშუალო საწარმოების დაფუძნებისა და განვითარების მასობრივი მხარდაჭერის მიღმა (რომელიც სოციალურ ფირმებსაც ეხება), ტარდება რიგი ღონისძიება, რაც პირდაპირ ფოკუსირებულია სოციალურ საწარმოებზე. ისინი თანადაფინანსებას იღებენ ევროპის სოციალური ფონდიდან. ხაზგასმა კეთდება სოციალური საწარმოების გაძლიერებაზე. ამასთან, ახალი საფინანსო მექანიზმი, რომელიც ზრდის კა პიტალის მიწოდების შესაძლებლობებს, მიკროკრედიტის ფორმის სახით მიეწოდება სოციალურ მეწარმეებს სტარტაფის ეტაპზე.

  • უნგრეთში 2008 წლის კრიზისის გავლენით საზოგადოებისთვის არსებითი პრობლემები წარმოიშვა: სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება, ახალგაზრდების უმუშევრობა, მაწანწალების, ბოშების და უსახლკაროების (10684 ადმიანი 2012 წლისთვის, რომელთაგან 1/3 ცხოვრობს ბუდაპეშტში [9, გვ.5]) დისკრიმინაცია - პრობლემები, რომლებიც დღემდე იჩენს თავს. სოციალურ გამოწვევებზე მეტყველებს შემდეგი მონაცემები: უნგრეთის მოსახელობის 32.4% სიღარიბის ზღვარზეა; ახალგაზრდობის უმუშევრობის დონე დისპროპორციულად იზრდება და ეს მაჩვენებელი 30.5 %-ს შეადგენს.

უნგრეთში სოციალური საწარმოს სამართლებრივი განმარტება არ არსებობს. შეფასებებით დადგენილია, რომ უნგრეთში 300-400 სოციალური საწარმოა. ამ საწარმოების საშუალო ასაკი 15.9 წელია და ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტი 13 წლამდე ასაკისაა. სოციალური საწარმოების ნახევარზე მეტი მცირე ორგანიზაციაა (1-10 დასაქმებულით), მხოლოდ 12 %-ს აქვს 1 მლნ ევ-როზე მეტი ბრუნვა. [9, გვ.8].

უკანასკნელ პერიოდში სოციალური საწარმოების კონცეფცია უნგრეთში საკმაოდ პოპულარული ხდება არასამთავრობო და ბიზნესის დამწყებ ორგანიზაციებში, აკადემიურ წრეებსა და სტუდენტებში. სოციალურმა დანახარჯებმა 2013 წელს მშპ-ის 21,6% შეადგინა. ამ პერიოდისთვის 65300 სამოქალაქო ორგანიზაცია იყო, რომელთა აქტივობაც მოიცავდა დასვენებას, ჰობს, განათლებას, კულტურას, სპორტს, ჯანდაცვას და ა.შ. ამ ორგანიზაციებში დასაქმებულია 144000 ადამიანი (მთლიანი დასაქმების 4%) და 504000 მოხალისე [4, გვ5].

უნგრეთში სოციალური საწარმოების აქტივობის მარეგულირებელი და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებია: პარლამენტი, მთავრობა, ეროვნული საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია, სახელმწიფო აუდიტის ოფისი, სახელმწიფო შესყიდვები, სასამართლო, ეროვნული დასაქმების არამომგებიანი შპს, სოციალური მეწარმოების კლუბი, სოციალური მეწარმეობის დღის ყოველწლიური ღონისძიება (სოციალური საწარმოების გამოფენა), ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი (სადაც არის სოციალური მეწარმოების კურსი).

  • სლოვაკეთშიცსოციალური მეწარმეობის განვითარებაში ვიშეგრადის ქვეყნების მსგავსი ტენდენციები მიმდინარეობს. აქ არსებული ინსტრუმენტების გვერდით სოციალური მეწარმეობის მრავალფეროვანი ახალი ინსტრუმენტები მოქმედებს, როგორიცაა მეწარმეობის მიკროდაფინანსება, ალტერნატიული ვალუტის შემოღება ან ლოკალური სავაჭრო სისტემის შექმნა საქონლისა და მომსახურების გასაყიდად, გლობალური სოციალური მოძრაობა ,,პატიოსანი ვაჭრობა“ - პატიოსანი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის და ა.შ. სოციალური ეკონომიკის მრავალი ალტერნატიული ინიციატივის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ცხოვრება, წარმოება და მოხმარება მიმართული უნდა იყოს სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის ერთობლივი ძალებით შემცირებისაკენ.

კვლევის შედეგები და რეკომენდაციები

სოციალური საწარმოები XXI საუკუნის ბიზნესის მოდელს გვთავაზობს, რომელშიც დაბალანსებულია ფინანსური, სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი საჭიროებები. სოციალური მეწარმეები როგორც ინდივიდები, ასევე ჯგუფები, ცვლილებებზე ორიენტირებული აგენტები არიან, რომლებიც ხალხისა და საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით მოქმედებენ. სოციალური მეწარმეობის პოტენციალის უტილიზაციის მიზნით, გონივრული, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად, სასურველია სოციალური ეკონომიკის განათლებისა და ტრენინგების გავითარება, რათა ხელი შევუწყოთ თვით სოცია-ლური ეკონომიკის დამკვიდრებას და საზოგადოების ინფორმირებას.

სოციალური მეწარმეობის სისტემაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიან-კაპიტალი და მისი განვითარება, როგორც სოციალური საწარმოს პრიორიტეტული მიზანი. სოციალური მეწარმეობა დღემდე არსებითად დაუფასებელი მიმართულებაა ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში და მისი ინტეგრაცია საბაზისო და განათლების მომდევნო ეტაპებზე მისი გაძლიერების წინაპირობაა.

სოციალური საწარმოები ეფექტიანად მუშაობენ, შესაბამისად, ევროპაში არ არის ადგილი, სადაც სოციალურ მეწარმეობას სარგებლის მოტანა არ შეუძლია. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მოსახლეობის დაბერების, ახალგაზრდების უმუშევრობის, კლიმატის ცვლილებების და უთანასწორობის ზრდის გამოწვევების პირობებში, ევროპას სჭირდება მეტი სოციალური საწარმო, რაც აისახება ევროკავშირის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტებში.

ვიშეგრადის ქვეყნების სოციალური მეწარმეობის გამოცდილების კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციები უნდა მოემსახუროს აღნიშნული მიმართულებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. კერძოდ:

  • სოციალური მეწარმეობის მარეგულირებელი კანონდებლობის შემუშავებით უნდა შეიქმნას გარემო ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობის, დაფინანსების გამარტივების და სწორი ადმინისტრირიების უზრუნველყოფისთვის;
  • მიზანშეწონილია მკაფიოდ განისაზღვროს სოციალური საწარმოს შეფასების კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური კრიტერიუმები, რაც ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის იდენტიფიკაციას;
  • სასურველია მისიაზე, შესაძლებლობებსა და შედეგებზე მორგებული სოციალური საწარმოს იურიდიული ფორმების და ინსტრუმენტების გამრავალფეროვნება;
  • ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, გამარტივებას და მხარდაჭერას მოითხოვს სოციალური მეწარმეობის დაფინანსების სქემები ეროვნული ვალუტის კურსის რისკების გათვალისწინებით.

ლიტერატურა:

1. Strasburg Declara on, 2014 Jan., h p://ec.europa.eu/internal_ market/social_ business/index_en.htm, 04.07.2016;

2. Bibu Nicolae, Orhi Loredana, Social Entrepreneurship in the Context of Romania’s European Integra on, h p://ec.europa.eu/enterprise/entrepreneurship/coop/ index.htm; 04.07.2016. pp. 77-82;

3. Marek Jetmar, Social Entrepreneurship: Challenge not only for Developing Countries but for The EU, CBU Interna onal Conference on Integra on and Innova on in Science and Educa on, April, 7-14, 2013, Prague, Czech Republic, pp. 41-49, www. cbuni.cz; OJS.JOURNALS.CZ;

4. Rafal Kusa, Social Entrepreneurship in Poland. A Preliminary Comparisons of Research Approaches, Advance Research in Scien fic Areas, 2012, December, 3.-7. 2012, h p://www.arsa-conf.com; pp. 94-97;

5. Ucieklak-Jez Paulina, Kulesza Marek, The Development of the Social Entrepreneurship in Poland; h p://www.ef.umb.sk/konferencie/sev_2014/pdf/Ucieklak-Jez,%20Kule-sza.pdf; accessed March 11, 2014);

6. Eva Pongracz, Educa on as a Key Factor for the Development of Social Entrep-reneurship. 15 September, 2014, 13th Interna onal Academic Conference, An bes, ISBN 978-80-87927-0502,IISES, pp. 415- 421;

7. Visegrad Youth, Compara ve Review of the situa on of Young People in the V4 Coun es, The research was funded by the partnership between the Eu-ropean Commission and Council of Europe in the field of youth; file:///C:/ Users/eka/Downloads/Zpr%C3%A1va%20o%20ml%C3%A1de%C5%BEi%20 Visegr%C3%A1dsk%C3%A9%20skupiny%20(1).pdf;

8. The State of Social Entrepreneurship in Hungary, SEFORIS Country Report, Nicole Etchart, Anna Horvath, Andreja Rosandic and Andrea Spitalszky, April, 2014; h ps:// sta c1.squarespace.com/sta c/56d2eebbb654f9329ddbd20e/t/5773e69ad2b857 ac04f54c38/1467213468259/Country_Report_Hungary.pdf;

9. NESsT. 2013. “Country Profile: Hungary.” h p://www.nesst.org/wpcontent/uplo-ads/2013/08/2013-Country-Profile-Hungary-EN.pdf; (accessed March 23, 2014)